weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ამ დარბაზში შემოვედი იმისთვის, რომ სათითაოდ გაგიყვანოთ – მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს

18:32 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ დარბაზში შემოვედი იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ხართ (რაღაც ნაწილი აკლია თქვენს შემადგენლობას), სათითაოდ გაგიყვანოთ, განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარემ ნიკა მელიამ მეათე მოწვევის პარლამენტში, სადაც დღეს პირველად გამოვიდა სიტყვით.

ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია ძალიან მალე, მიმდინარე წელს დაამარცხებს „რეჟიმს“ და კოალიციურ მმართველობაში მოვა.

„დიახაც, მე ასე ვხედავ ამ ქვეყნის განვითარებას. ერთია, რომ ოლიგარქის კლანჭებიდან ვიხსნათ ქვეყანა და მეორეა, რომ ქვეყანა იმართოს ერთობლივად. თქვენი დამარცხება, როგორც რეჟიმის წარმომადგენლების, ჩვენი მხრიდან ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვიწროპარტიული ამოცანა. თქვენი დამარცხება უკვე არის ეროვნული ამოცანა, თითოეული ჩვენგანის, ვინც ოპოზიციაში ვართ. უახლოეს მომავალში კვლავ გამოვნახვთ უნარს, რომ ამ მართლაც მავნებელი რეჟიმის წინააღმდეგ გავერთიანდეთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ერთ-ერთი ვინც მელიას განცხადებებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი იყო. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალიზაციის გზაზე რჩება.

„ბატონი ნიკა მელია გვემუქრებოდა, რომ ხელს ჩაგვავლებდა და ამ დარბაზიდან გაგვიყვანდა. ჩვენს უკან დგას ერთი მილიონი ამომრჩეველი. ის ემუქრებოდა საქართველოს ერთ მილიონ მოქალაქეს. რამდენიმე თვეა პოლიტიკაში ვარ და დღეს მომეცა საშუალება 3 განზომილებაში მენახა ის კინო, რომელსაც უკვე წლებია ვაკვირდები. ეს კინო მეორდება და მეორდება და სამწუხაროდ, ჭკუას ვერ სწავლობს „ნაციონალური მოძრაობა“. დღესაც საჯაროდ აცხადებენ, რომ დამთავრებულია 19 აპრილის შეთანხმების საკითხი, ისინი არ აპირებენ ხელი მოაწერონ მას. ისინი იქნებიან მარგინალი პარტია, რომელთან ახლოს გავლა არათუ ევროპელს, შიგნითაც არავის მოუნდება, რადგან ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ იქნებიან რადიკალურები, რომ დემოკრატია მათთვის არაფერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]