weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„საქპატენტის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა

11:42 პარასკევი, 11 ივნისი 2021

„საქპატენტის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე მინდია დავითაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. როგორც დავითაძე ამბობს, მას ჯერ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მოსთხოვა განცხადების დაწერა იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული, ხოლო მას შემდეგ, რაც განცხადების დაწერაზე უარი თქვა, თანამდბობიდან გათავისუფლების თაობაზე ღარიბაშვილის ბრძანება ჩააბარეს.

მინდია დავითაძე „საქპატენტის“ თავმჯდომარედ 2020 წლის თებერვალში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხი წლის ვადით დანიშნა. დავითაძე აცხადებს, რომ გახარიას გადადგომისა და ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დამყარება რამდენჯერმე სცადა, თუმცა 3 თვის განმავლობაში უარს იღებდა მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან.

„გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ-მინისტრს გუშინწინ – 9 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი“, – აცხადებს მინდია დავითაძე.

როგორც ის ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით, მისი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით, მაისში „საქპატენტში“ ინსპექტირება განხორციელდა.

„შრომის ინსპექციის სამსახურმა 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა „საქპატენტში“ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია. ინფორმაციის გადაგზავნიდან, ასევე, რეკორდულ დროში - 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე რომ არც კი დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც „საქპატენტს“ დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით.

ნიშანდობლივია, რომ სიჩქარეში შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები. რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც ველოდებით საკითხის სამართლიან განხილვას და შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. ვინაიდან ჩემთვის ნათელი გახდა რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ მოვითხოვე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, რომელმაც ნიშანდობლივია, რომ სწორედ შრომის ინსპექციის დასკვნის გამოცემის შემდეგ მოიცალა შესახვედრად.

ილია დარჩიაშილმა მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის - გიორგი გახარიას მიერ. სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე. მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა განცხადება არ დავწერე, ვინაიდან „საქპატენტი“ გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება.

თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავენთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისს. 2011 წლიდან ვმუშაობ საჯარო სამსახურში, სადაც კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არ მიმიღია არც ერთი საყვედური“, – აცხადებს მინდია დავითაძე.

დავითაძის თქმით, ბრძოლას სამართლებრივი მეთოდებით გააგრძელებს.

„პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა უნდა დასრულდეს!“, – ამბობს „საქპატენტის“ ყოფილი თავმჯდომარე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]