weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებოდა

15:45 შაბათი, 12 ივნისი 2021

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, ყოფილი პარლამენტარი გიორგი ლომია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მივიდა და მის მმართველს, მეუფე სპირიდონს სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი ლომიას თქმით, მტკიცებულება იმისა, რომ პანსიონში ძალადობას ჰქონდა ადგილი, არ არსებობს.

„ძალადობის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. დღეს საქართველოში შემჩნეულია ტენდენცია, რომ ჯერ დააბრალებენ და მერე, რომ არ დამტკიცდეს, არც ბოდიშს უხდიან, არც სასამართლო იღებს იმის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ჩვენ გვინდა დავანახოთ ხალხს, რომ სინამდვილეში არაფერი ხდება. მტკიცებულებებს ნუ ეძებთ, იმიტომ, რომ ვერ მოძებნით ისეთ რამეს, რაც არ არსებობს.

სახალხო დამცველი განა გამოვიდა წინადადებით – მოდი, ჯერ გავარკვიოთ, გამოძიება ჩატარდეს და მერე ვისაუბროთ ამ თემაზე, არამედ მან უფრო გააძლიერა ეს ჭორი თავისი საუბრით. არამგონია, რომ ასეთი სახალხო დამცველი საერთოდ უნდა არსებობდეს და პანსიონატში უნდა შეუშვან“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

როგორც მან ჟურნატისტებს განუმარტა, პანსიონში მივიდა არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც საქართველოს კიოკუშინის ფედერაციის წევრი.

გიორგი ლომიასთან ერთად პანსიონში შევიდნენ ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა კაკაბაძე და 50 ბავშვი, რომლებიც, კაკაბაძის თქმით, მისი მოსწავლეები არიან.

„აქ ჩამოვალთ პერიოდულად, შევასწავლით კარატეს და საერთოდ, გვინდა აქ კარატის ჯგუფი გავხსნათ. ამათ სჭირდებათ მხარდაჭერა, რომ ეულად არ იგრძნონ თავი. ხვალ წავალთ, ზეგ წავალთ - სიტუაციის მიხედვით გადავწყვიტთ“, – განაცხადა გოჩა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, პანსიონში ძალადობის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა: „ასე ამბობენ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში, ამდაგვარი არაფერი ხდება. აქ სწავლობენ, სულიერად და ფიზიკურად იზრდებიან ბავშვები, ქრისტიანობას სწავლობენ. ჩვენც ზუსტად ასეთი სულისკვეთებით ვზრდით ჩვენს ბავშვებს“.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მას სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებს. მიმდინარე წელს პირველად ასეთი შემთხვევა 15 აპრილს დაფიქსირდა.

7 მაისს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ პანსიონში მყოფი ბავშვების სული მას აბარია და მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]