weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ოჯახმა ზაზა გახელაძე ცხინვალში მოინახულოს – ანთაძე

22:20 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრაზე, პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი, ასევე, განიხილეს შესაძლებლობა, რომ ის ოჯახის წევრებმა ცხინვალში მოინახულონ.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რა თქმა უნდა, მათ შორის, ზაზა გახელაძის საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად და როგორც ყოველთვის, ამაზე გვქონდა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. იყო შემდგომ კონსულტაციები და ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება.

გარდა ამისა, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ეს თარიღი ცნობილი გახდება.

რაც შეეხება, შემდგომ პროცესს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანდეს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღევანდელ შეხვედრას დაესწრო ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების დელეგაციას ეგორ კოჩიევი ხელმძღვანელობდა.

კოჩიევი პოსტკონფლიქტური რეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილეა. როგორც მან განაცხადა, IPRM-ის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარ საკითხად კვლავ რჩება სოფელ წნელისთან „ქართული პოლიციის უკანონო პოსტის“ აღების აუცილებლობა. კოჩიევს ზაზა გახელაძის საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]