კვლევის მიხედვით, პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს, კერძოდ:
„საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;
საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა;
კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე“.
TI-ის კვლევა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მასში ვკითხულობთ, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
„საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგალითად, ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ, გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები“, – ვკითხულობთ კვლევაში.
TI-ის თანახმად, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, რის მაგალითადაც მკვლევარებს მოყვანილი აქვთ ის ფაქტი, რომ მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს.
„საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა. ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას მინისტრები არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს.
საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.
არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
კვლევის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის პროცესის გამჭვირვალობაც.
„საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაცია არასისტემატიზირებული სახით იძებნება, ზოგიერთი ინფორმაციის მოძიება ვებ-გვერდზე შეუძლებელია, მაგალიტად, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკრეტული მინისტრი კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტები საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულად და საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის დადგენილი ვადების მნიშვნელოვანი გადაცილებით გვაწვდიან“, – ნათქვამია ანგარიშში.
TI-ის კვლევას შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3iKOvfL