weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

19 აპრილის შეთანხმების შესრულებულად მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს – დეგნანი

14:12 შაბათი, 19 ივნისი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მიმდინარე პროცესი არ შესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და ამ შეთანხმების ეს პირობა რომ ჩაითვალოს განხორციელებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს წამოჭრის გარკვეულ შეკითხვებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, განცხადება, რომ სასამართლო სისტემაში არ არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა და მოსამართლეთა არდანიშვნა ამ ეტაპზე გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, ეს არ არის დასაბუთებული.

„საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში არის საკმარისი რაოდენობის მოსამართლეების, რაც მისცემდა სასამართლო სისტემას საშუალებას, ეს დანიშვნები შეჩერებულიყო, ვიდრე წარიმართება სრულად ინკლუზიური, დასაბუთებული პროცესი, რომელიც გაითვალისწინებს სრულად სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვადასხვა ჩართული აქტორების მოსაზრებას.

თუ კი გაგრძელდება კვლავ ეს დანიშვნები, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ეს შეასუსტებს სისტემას.

იმედი გვაქვს, რომ ინკლუზიური პროცესი წარიმართება“, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

კელი დეგნანის განცხადებით, ახლა უკვე პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული შეაჩერებენ თუ არა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს.

„ამით გამოჩნდება, ისინი რამდენად ერთგულნი არიან 19 აპრილის შეთანხმებისა, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, რომელზეც მხარეები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და საბოლოოდ მიიღწა შეთანხმება“, – თქვა ელჩმა.

17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართელე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი – შეარჩია და მათ პარლამენტს წარუდგენს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტის მიერ უვადოდ აირჩევიან.

ამ პროცესს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდეს, ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება შეწყვიტოს. მათი განცხადებით, საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით, კიდევ უფრო ზიანდება ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები. არსამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე.

 

ამ თემაზე:

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]