weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ ვაპირებ წასვლას, ცესკოს ხელმძღვანელის გადადგომა პარტიის გადასაწყვეტი არაა – ჟვანია

19:52 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. როგორც მან პარლამენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოლიტიკური ძალის სურვილის გამო შეიცვალოს.

„გადადგომის და წასვლა-დარჩენის საკითხი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრატორის გადასაწყვეტი და არცერთ პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა ჰქონდეს საშუალება და არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მისი პოლიტიკური სურვილის გამო ადმინისტრატორები იცვლებოდნენ. შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, იმიტომ, რომ ჩემს და საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ კომიტეტის სხდომაზე.

სხდომის შემდეგ ცესკოს ხელმძღვანელმა ამ საკითხზე განცხადება მედიასთანაც გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო გარკვეული ხარვეზები და პროცედურული შეცდომები, თუმცა წინა არჩევნებისგან განსხვავებული და ახალი არაფერი მომხდარა.

იყო ის მიზეზები, რომელიც უკავშირდება ზოგადად პოლიტიკურ გარემოს, ძალიან რთულ და კომპლექსურ ვითარებაში მუშაობას, ამავდროულად სუბიექტების უპრეცედენტოდ მაღალ რაოდენობას და რაც მთავარია, პანდემიას. იყო გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, თუმცა ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები, – განაცხად ჟვანიამ.

მისი თქმით, არც ცესკოში საარჩევნო დავების განხილვის დროს და არც დროებით საგამოძიებო კომისიაში ამ დრომდე არ ყოფილა წარდგენილი არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება, რომლითაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ნებისმიერი ადმინისტრატორის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდა.

ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ჩვენს უკან დგას სიმართლე და არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა.

ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო.

მე ვარ აქ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის, კომპოზიციის ნაწილში. შევხდოთ კანონმდებლობის ცვლელებებს. მე არსად წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტუილება“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან.

თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორედ აირჩიეს და უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 24 დეკემბერს ეწურება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაზეც პასუხისმგებელი თამარ ჟვანიაა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით ბოლო საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთ-ერთ პრობლემად და პრაქტიკის გაუარესებად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება დაასახელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]