weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას არ აპირებს

14:49 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატებს კენჭს უყრიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას არ აპირებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ეს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას.

„მოლაპარაკებების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამასთან, მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ასეთ შემთხვევაში, აზრი არ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, მათი მხრიდან ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა.

„ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური  შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში.

„შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად - მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ, რვიდან ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ოპოზიციონერი პარლამენტარების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, „ქართული ოცნება“ არის და დარჩება შეთანხმების ერთგული და უზრუნველყოფს მის ჯეროვან განხორციელებას. „ქართული ოცნება“ ბოლომდე იცავს შეთანხმებას და გააგრძელებს ამ სულისკვეთებით და პრინციპით მოქმედებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტის მიერ უვადოდ აირჩევიან. 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართლე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი – შეარჩია.

 

ამ თემაზე:

19 აპრილის შეთანხმების შესრულებულად მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს – დეგნანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]