weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ამნისტია სექტემბერში გაკეთდებოდა – კობახიძე

15:28 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვის ინტერესი რომ ჰქონოდა, კოვიდპანდემიის განმავლობაში დაკისრებულ ჯარიმებზე ამნისტია სექტემბერში გამოცხადდებოდა და არა ახლა.

„ამნისტია ეხება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს, გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის. ეს ნებისმიერ ამნისტიას ახასიათებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კოვიდმა სხვადასხვა ფორმით გვაზარალა ადამიანები, მათ შორის სამართალდამრღვევებიც და როცა ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, სახელმწიფოს და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს ყველაფერი სექტემბერში გაკეთდებოდა და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. თავისთავად, ამ თარიღიდანაც ჩანს ის, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს არჩევნებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ცნობილი გახდა პრემირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმები გაუქმდება. საუბარია 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ღარიბაშვილის თქმით, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ისე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამნისტიის გამოცხადებას ემხრობიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების და არა ხალხზე ზრუნვის გამო მიიღო.

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, რომ ამნისტია გამოცხადდეს სისულელეზე დაჯარიმებულ ადამიანებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას „ქართული ოცნება“ ერთი რამისთვის აკეთებს, რომ ეს განაწყენებული ხალხი რამენაირად შემოირიგოს. მე მათ მივმართავ - მეგობრებო, ეს ამნისტია თქვენ გეკუთვნით“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლაშა დამენიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა მოსყიოდვა კვლავ დაიწყო.

„ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ ეს ჯარიმები არაადეკვატური იყო და დღეს ამნისტია გარკვეულწილად არასამართლიანია იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებმაც გადაიხადეს ჯარიმები“, – ამბობს დამენია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკის დასახმარებლად ხელისუფლებას პირველ რიგში გადასახადები უნდა შეემცირებინა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე კვირით ადრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვის პროექტი (ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოღება) გამოაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ინიციატივა ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად შეაფასეს და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს. ამომრჩეველთა მოსყიდვის მოტივს მთავრობა მაშინაც უარყოფდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]