weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილის თქმით, განიხილება ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა

13:32 შაბათი, 26 ივნისი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა განიხილება. რაც შეეხება კახეთში არსებული რკინიგზის აღდგენას, ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემისთვის დღეს მზად არ არის.

„რაც შეეხება ზოგადად, მატარებლის იდეას კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა. როგორიც არის კალიფორნიაში, იგივე რომ განხორციელდეს კახეთში, ძალიან კარგი იქნებოდა. დღეს არ ვარ მზად, რომ გითხრათ პასუხი, არ მინდა, რომ ტყუილი გამომივიდეს. შეგვიძლია, ეს პროექტი განვიხილოთ. რკინიგზის ხელმძღვანელობას უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს ამაზე საუბარი. წელს თუ არა, რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება გაკეთდეს პროგრამა და დავიწყოთ ამის აღდგენაც.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს რკინიგზასთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც. მაგის სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება ამაზე დავიწყოთ მუშაობა.

მთელ ამ რეგიონებს ჩავრთავდით და გადაადგილება, რა თქმა უნდა, გახდება კიდევ უფრო ადვილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს.

კახეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკაშირებით პრემიერ-მინისტრს შეკითხვა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა დაუსვა. მისი თქმით, დედაქალაქთან სარკინიგზო მიმოსვლა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას შუეწყობდა ხელს.

„კახეთის რკინიგზამ რა დააშავა? დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში და დედაქალაქში არის ის, რომ გლეხს და ქალაქის მცხოვრებს შორის გადამყიდველები დგანან, რომლებიც უზრუნველყოფენ მამასისხლად იმ პროდუქტებს, რომლებსაც კაპიკებში ყიდულობენ გლეხებისგან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძირითადად კახეთია ბეღელი დედაქალაქის მომსახურების. სხვა კუთხეებს არ ვაკნინებ. მატარებლის გახსნა იქნებოდა შველა. ინფრასტრუქტურის მინისტრისგან არ მივიღებ პასუხს, რომ ეს ან ძვირი ჯდება“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კახეთში რკინიგზის აღდგენის დაპირება 2012 წელს, თელავში გამართულ წინაასაარჩევნო შეხვედრზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გასცა. როგორც მან თქვა, რკინიგზის რეაბილიტაცია კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.

„ჩვენ ამ საქმესაც მივხედავთ და კახეთს ნორმალური ცხოვრების საშუალებას დავუბრუნებთ“, – უთხრა თელავში შეკრებილ ამომრჩევლებს ივანიშვილმა.

ამ საკითხს 2018 წლის მარტში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაუბრუნდა. ის ამბობდა, რომ კახეთში უკვე არსებობს რკინიგზა, რაც უდიდესი სიმდიდრეა და სახელმწიფომ მის აღდგენაზე უნდა იზრუნოს.

„ახალი რკინიგზის გაყვანა უზარმაზარი თანხები ჯდება და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი“, – ამბობდა კვირიკაშვილი.

რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობებზე რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილიც საუბრობდა. 2019 წელს მან განაცხადა, რომ რკინიგზის რეაბილიტაციის ხედვა აზიის განვითარების ბანკში ჰქონდათ გაგზავნილი. ქადაგიშვილი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]