„საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა დაკრძალვის გვირგვინებისა და უცხოური დელეგაციების მიღების სახით, უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ექსტრადიციის მიზნით დაკავების მიზეზად არ გამოდგება. პროშენკოსა და უკრაინის გენერალურ პროკურატურას კი იურიდიული საფუძველი სჭირდებათ, რომ საზღვრის გდაკვეთის შემდეგ დამაკავონ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუფთა პოლიტიკური მუხლია, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ არავის დარჩება ეჭვი, რომ ყველა საქმე გაყალბებულია“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, 26 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ შესაძლოა სააკაშვილს მძიმე ბრალდება წარუდგინონ.
„გამოძიება მიმდინარეობს, რას დაადგენს და როგორ დაადგენს გამოძიება, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის მესამე პრეზიდენტი, სააკაშვილი და ის საქმეები, რომელიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის ეკონომიკური ხასიათის და მათ საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადიცია შეუძლებელია, არ არის გამორიცხული, რომ მას წარუდგინონ ბრალი ისეთი ტიპის საქმისთვის, რომელიც მისცემს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია მოახდინოს“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით გამოძიება 2015 წელს დაიწყო. ამ საქმეზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ივლისის ბოლოს ჩამოართვეს, უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს. ის ამბობს, რომ საზღვარზე მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს.