weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ შეძლებთ სასამართლოში რეფორმის გატარებას, ისტორიაში შეხვალთ – იოსელიანი ღარიბაშვილს

16:59 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

დღეს დაბადების დღე გაქვთ და მინდა გისურვოთ ძალიან კარგი რამ, რომ თქვენს სახელთან იყოს დაკავშირებული დამოუკიდებელი სასამართლოს რეალური რეფორმის გატარება. თუ ამას შეძლებთ, მაშინ ნამდვილად შეხვალთ ისტორიაში, მიმართა პარტია მოქალაქეებისლიდერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას.

ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ საჭიროა პარლამენტმა შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი მანამ, ვიდრე სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმა არ გატარდება.

„ამ დარბაზში სხედან ყოფილი ადვოკატები, რომელთა ნაწილსაც მე განვეკუთვნები და ყველა დამეთანხმება, რომ არასოდეს საქართველოში სასამართლო არ ყოფილა დამოუკიდებელი, არცერთი ხელისუფლების დროს. ყოველთვის იყვნენ გამორჩეული და კვალიფიციური მოსამართლეები, მაგრამ მთლიანად სისტემა როგორც ხელისუფლების შტო არ ყოფილა დამოუკიდებელი.

დღეს შანსი გვქვს, ყველამ ერთად შევცვალოთ ეს მოცემულობა და მთლიანად პოლიტიკურმა კლასმა დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა. ამის შანსი გაჩნდა იმიტომ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით, რომელიც ითვალისიწნებს ამგვარი რეფორმის გატარებას.

სამწუხაროა, რომ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოსამართლეები, რომელთა სახელსაც, რომელთა გადაწყვეტილებებსაც უკავშირდება კონვენციური მუხლების დარღვევა (გვარებს არ ჩამოვთვლი, იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია ეს გვარები. ერთ-ერთ მთავარ მათგანს ასეთი 5 გადაწყვეტილება აქვს მიღებული – ეს რიცხვიც სიმბოლურია), ეს ადამიანები თქვენ, თქვენი ხელისუფლების დროს დანიშნეთ უვადო მოსამართლეებად. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც, ყველას გვესმის, ერთი ხელის მოსმით ვეღარ მოვაგვარებთ, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია 9 კანდიდატი, რომელიც უნდა გამწესდეს უზენაეს სასამართლოში. თქვენთვის არ ბადებს კითხვის ნიშანს, რომ ცხრავე მათგანი არის მოქმედი მოსამართლე?

მე არ გამოვთქვამ აზრს მათ შესახებ. ისინი აქ მოვლენ, ჩვენ მოვუსმენთ და მაშინ მექნება ამის შესაძლებლობა, მაგრამ, როცა კანონმდებლობა აძლევს ყველას, ვისაც აქვს იურიდიული განათლება, მიიღოს მონაწილეობა, გაიაროს იუსტიციის საბჭოში გასაუბრება და მოვიდეს აქამდე, რატომ ვერავინ ვერ მოხვდა, გარდა 9 მოქმედი მოსამართლისა? პასუხი არის, რომ სისტემა არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, შეაღწიონ შიგნით და მოვიდნენ ჩვენამდე აქ, პარლამენტში, რომ შევაფასოთ ეს ადამიანები.

მესმის, რომ ეს დაგროვილი პრობლემაა, წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების დროს ჩაცემენტებული და ჩაბეტონებული პრობლემაა, მაგრამ როდესღაც მისი მოგვარება უნდა დავიწყოთ და დღეს გვაქვს ეს შანსი ყველას ერთად – შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატები უზენაესი სასამართლოსთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის და რაც მთავარია, დავიცვათ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ სანამ არ ჩავატარებთ რეფორმას, შევაჩეროთ ნებისმიერი დანიშვნა უზენაეს სასამართლოში. ამას მოგვიწოდებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამას მოგვიწოდებს ყველა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართლე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი – შეარჩია. მოსამართლეთა უვადო დანიშვნათან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. „ქართული ოცნება“ ამ პროცესის შეჩერებას არ აპირებს, რისკენაც მას არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მოუწოდებენ. ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების დაპაუზებას მანამ, ვიდრე არ გატარდება ფართო, ინკლუზიური მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]