weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვინ არიან კახეთში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატები

14:33 კვირა, 27 აგვისტო 2017
ფოტოზე: საგარეჯოს მერობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილი ფოტოზე: საგარეჯოს მერობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილი

კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ 27 აგვისტოს, 18:00 საათზე, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის ტერიტორიაზე წარადგენს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყვარლის მერობის კანდიდატი ბესიკ იაშვილია. ის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ყვარლის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი უშიშროების სამსახურის რეგიონულ სამმართველოში მუშაობა. ბესიკ იაშვილი პარტიის ერთ–ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ბიძაა. ხატია დეკანოიძე 2012 წელს საქართველოს განათლების მინისტრი იყო, მანამდე კი პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობდა. 2015 წლის ნოემბერში ის უკრაინის პოლიციის უფროსად დაინიშნა, საიდანაც ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყვარელში გამგებლობის კანდიდატი თავად ხატია დეკანოიძე იყო. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ილია მზექალაშვილმა 48.68% (7249 ხმა) მიიღო. „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ხატია დეკანოიძემ 24.24% (3610 ხმა). მეორე ტურში ხატია დეკანოიძე დამარცხდა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი ნიკა ნიჟარაძეა, რომელიც ამავე პარტიიდან გურჯაანის საკრებულოს წევრია. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ნიკა ნიჟარაძე გურჯაანის გამგეობის კულტურის, სპორტისა და სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ახმეტაში მერის თანამდებობაზე კენჭს პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი შაქრო ტერტერაშვილი იყრის. წლების განმავლობაში ის მუშაობდა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. შაქრო ტერტერაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და ამავე პარტიიდან ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. არჩევნების პირველ ტურში მან ხმების 32.27 % (8200 ხმა) მიიღო, „ქართული ოცნებიდან“ გელა სამხარაულმა 46 % (11762 ხმა). მეორე ტურში სამხარაულმა 73,83 % მიიღო (17089 ხმა), შაქრო ტერტერაშვილმა 26,17% (6056 ხმა).

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – გიორგი ბოტკოველია. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ბოტკოველი მუშაობდა კახეთის გუბერნატორის მოადგილედ. ის ასევე მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თელავი–ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატად. არჩევნების პირველ ტურში მან ხმების 36 % მიიღო (10 018 ხმა). მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სესიაშვილმა კი 41% (11 677 ხმა). მეორე ტურში სესიაშვილმა ხმების 69,46 % (17833 ხმა) მიიღო, ბოტკოველმა 30,54 % (7841 ხმა).

ლაგოდეხში კენჭს თორნიკე მაჭარაშვილი იყრის. ის ლაგოდეხში ააიპ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად მუშაობდა. 2014 წლის ოქტომბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაჭარაშვილი ზეწოლაში მუნიციპალიტეტის გამგებელს ადანაშაულებდა.

დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატი ლევან ბაღაშვილია. ის პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მანამდე იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ლევან ბაღაშვილის მანქანას ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის მიზეზით დააკავეს მისი ძმა მამუკა ბაღაშვილი, რომელიც მოგვიანებით სასამართლომ გაამართლა. ლევან ბაღაშვილი მისი და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლებს უკავშირებდა.

სიღნაღში კენჭს ნონა ნინიაშვილი იყრის. „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახეთში წარსადგენი მერობის კანდიდატებს შორის ის ერთადერთი ქალია.

საგარეჯოში მერობის კანდიდატი რაიონის ყოფილი გამგებელი გარსევან ბუხნიკაშვილია. ის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობდა საგარეჯოს გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად, მაგრამ ხმების დაახლოებით 22% მიიღო და პირველივე ტურში დამარცხდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]