weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრაიდის მიზანი არ იყო უფლებების დაცვა, რაც ხდება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებშია – კობახიძე

16:11 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. ფაქტია, რომ „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

კობახიძე ამბობს, რომ ის, რაც დღეს თბილისში ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში.

„საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ობიექტური გარემოებების, მათ შორის, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო, ვითარების მართვა რთულია, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ „ღირსების მარში“  იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები იქ დილიდან მობილიზდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი. მარშის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ძალადობით იმუქრებოდნენ. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და ოფისში შეიჭრნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დილიდან ფიზიკურად გაუსწორდენენ 20-მდე ჟურნალისტს, მათ შორის, ტელეკომპანიების  - „მთავარი არხის“, „ფორმულას“, „პირველის“, „რუსთავი 2“-ის, ასევე, „რადიო თავისუფლების“, ინტერპრესნიუსის“, On.ge-ის ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ფოტოგრაფებს. დაზიანებულია მათი კუთვნილი ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს. უწყებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება. საპატრიარქო აცხადებდა, რომ სასულიერო პირები პარაკლისის გადახდას აპირებდნენ.

ამ ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღია სივრცეში „ღირსების მარშის“ ჩატარება მისი მონაწილეებისთვის საფრთხის შემცველი იყო და „თბილისი პრაიდს“ დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა. ცოტა ხნის წინ „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ დღეს „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა მათ შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]