weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვგმობ ძალადობას განსხვავებული აზრის ან იდენტობის გამო, წაქეზება მიუღებელია - პრეზიდენტი

22:38 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

„ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით, რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“, სადაც დაშავებული ჟურნალისტები მოინახულა.

„ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.

ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი! მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.

 მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!

მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ.  

აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთიმეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 53 ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ.

ძალადობის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]