weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

18:17 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, მათ შორის, პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას გამოეხმაურა.

ევროკომისარმა განცხადება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეათა.

„უნდა ვთქვა, რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში გუშინ და გუშინწინ მოხდა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობისთვის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება და არც მომავალში წარმოიშობა. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რამე დისკრიმინაციით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი. ამიტომ, გვინდა ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას, გვინდა ვიხილოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა, უნდა ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტში მივედი და ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილზე, სადაც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ვარჰეიმ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა და მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე.

„ეს რა თქმა უნდა, არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის, არც ჩვენი ხალხის, არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს შეიძლება იყოს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებსი ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში, სამწუხაროდ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ. პოლიციამ უკვე დაიწყო იმ ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინეს ძალადობა. გუშინ იყო ანალოგიური ფაქტები და პოლიციამ 100 ადამიანი ადგილზე დააკავა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს“, – თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ შეუქცევადია.

„რა თქმა უნდა, ამ გზაზე პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენ არ შეგვაფერხებს, ჩვენ ამ პროვოკაციებს დავძლევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო, დიდ მიზანს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი დიდი, უძველესი კულტურის და ცივილიზაციის ქვეყანა და ერი. რა თქმა უნდა, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი, არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა. რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები იქნება გამოძიებული და შესაბამიად ყველა ადამიანი დასჯილი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში, ამერიკაშიც და ევროპაშიც, სადაც ასევე რეაგირებს პოლიცია და იცავს კანონის უზენაესობას. ჩვენ ასეც მოვიქცევით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დღეს საქართველოში არ ხდება განსხვავებული აზრის და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დისკრიმინაცია: „ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ჩვენ, როგორც მთავრობა, ამ კანონს აღვასრულებთ. ცხოვრება გრძელდება, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად“.

ოლივერ ვარჰეის თქმით, პრემიერ-მინისტრისგან გაიგო, რომ სამართალდამცველი ორგანოები ჩართული არიან სრული მასშტაბით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ძალადობაში, სასამართლოს წინაშე წარდგება.

„ჩვენს დროშას რაც შეხება, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილზე“,  – აღნიშნა ევროკომისარმა.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

ამ დროისთვის, პოლიციას ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით 7 ადამიანი ჰყავს დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]