weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ცალსახად თქმა, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული, ტყუილია – ჯაფარიძე

09:48 პარასკევი, 09 ივლისი 2021

ეს არის კონკრეტული სასულიერო პირის მოწოდებები, რომელიც არ შეიძლება, გაიგივდეს ეკლესიის მოწოდებასთან და არც საპატრიარქოს მოწოდებასთან. ეს უნდა შეფასდეს ცალკე, მაგრამ ამის განზოგადება და თქმა, რომ ეს არის ეკლესიის მოწოდება ან საპატრიარქოს მოწოდება , არის არასწორი  და შეცდომაში შეყვანის მცდელობა, განაცხადა პარტია ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჯაფარიძის თქმით, ყველა სასულიერო პირი წარმოადგენს მის პოზიციას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იქნება ის, თუ მღვდელი.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დასაგმობია ძალადობა ადამიანების, გამვლელების, ჟურნალისტების მიმართ, სრულად დასაგმობია და ეს არის ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ასევე, აგრესია მეორე მხრიდან, რომ განაზოგადონ კონკრეტული სასულიერო პირების გამონათქვამები და ზოგადად ეკლესიას დასდონ ბრალი, არის მიუღებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აქცია საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული, სასულიერო პირების თანდასწრებით ხდებოდა ძალადობდა, 53 ჟურნალისტია ნაცემი. მან ჯაფარიძე ჰკითხა, ვისი პასუხისმგებლობაა, ეს ყველაფერი.

„იმის თქმა ცალსახად, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული, არის ტყუილი, იმიტომ, რომ იქ იყვნენ, რა თქმა უნდა, ეკლესიის წევრები, მრევლი, რომელიც იქ იდგა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წახალისებულები.

რა თქმა უნდა, ამის გამიჯვნა შესაძლოა არ უნდათ ადამიანებს, შეგნებულად, იმიტომ, რომ ეკლესიისთვის ზიანის მიყენება არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ზიანის მიყენება და ესეც არის ჩვენი მეზობლის და ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალების მიზანი, რომ დისკრედიტირება მოახდინონ ეკლესიის, – უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი.

მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს საჯაროდ მოუწოდა ძალადობისკენ. „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვისს“, – ამბობდა სასულიერო პირი.

ძალადობრივი ჯგუფების წევრები 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]