weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც ეს საპატრიარქო იყოს – ნაკაიძე

12:39 პარასკევი, 09 ივლისი 2021

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა საშიშ ზღვარზე დგას. ნაკაიძე აცხადებს, რომ გაძლიერებულია პრო-რუსული და პრო-პუტინისტური ძალები, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების წიაღში.

„ეს ძალიან სახიფათო მოვლენად მიმაჩნია. ასევე, ამ დღეებში, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციიდან თუ უმრავლესობიდან დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ფსევდო-რელიგიური ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ღიად არიან ჩართული რუსული ინტერესების გატარებაში.

სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო.

მინდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არ ქონა დიდი საფრთხის მატარებელია, არანაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ“, – აცხადებს ნაკაიძე.

დეპუტატი კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მათი ვალია.

„ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რიმელიმე რელიგიურ ინსტიტუტს. იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით, ხმებს დაკარგავთ გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ, ადამიანის უფლებების დასაცავად. სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ! ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ საშიშროებისგან, რომელსაც დღევანდელობა უქადის“, – წერს ტარიელ ნაკაიძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამ თემაზე: ცალსახად თქმა, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული, ტყუილია – ჯაფარიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი.

მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს საჯაროდ მოუწოდა ძალადობისკენ. „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვისს“, – ამბობდა სასულიერო პირი.

ძალადობრივი ჯგუფების წევრები 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

6 ივლისს, პარლამენტთან, ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია – „თავისუფლებისთვის“ გაიმართა.  პარალელურად, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი ქვებს, შუშის ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მუდმივად ცდილობენ პოლიციის კორდონების გარღვევას და მშვიდობიან აქციაზე შეჭრას. მოგვიანებით, როდესაც მშვიდობიანი აქცია დასრულდა, კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]