weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

15:15 შაბათი, 10 ივლისი 2021
ევრონიუსის ფოტო ევრონიუსის ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და დარბევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

„ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. საქმის მასალები ამას ცალსხად ამტკიცებს. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, ძალიან უარყოფითია. პროკურორს და ბრალდების მხარეს მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება დასაბუთებული არ ჰქონდა, ანუ ყველა კონტექსტს ითვალისწინებს და ამ კონტექსტში მოქმედებენ. ეს არის რალობა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა.

დაკავებულები 23 წლის ალიკა ალაზოვი, 29 წლის გიორგი ელისბარაშვილი და 29 წლის გიორგი ოძელაშვილი არიან.

პროკურატურის განცხადებით, ისინი, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ძალადობის და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში. მანამდე ევროპარლამენტის წევრები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, „ღირსების მარშის“ მონაწილეები და მათი შეკრების თავისუფლება დაეცვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]