weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ანტისახელწმიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების შეთქმულება ვერ შედგა – ღარიბაშვილი

12:11 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და ის სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა.

„ანტისახელწმიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს შედგება ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ვნახეთ, რომ სცადეს, ამ ადამიანის ტრაგედია გამოეყენებინათ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეძლება იყოს იმაზე ამორალური, რომ გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა. ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც იყო ჩართული აღნიშნული პირის ცემის საქმეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე „კლასიკური ანტისახელმწიფოებრივბი, ანტი ეკლესიური და მაშასადამე, ანტიეროვნული გზავნილები“ ისმოდა.

გზავნილები, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას. ეს ნორმალურია, მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან მთავრობის მიმართ კრიტიკული ტელეკომპანიები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი მიზანი ხელისუფლების ჩამოგდებაა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი და მიუკერძოებელი მედია განვითარდეს.

„მაგრამ, მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ: ოპოზიციური ტელევიზიები აღარ ჩამოვთვლი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის - „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ - პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და „ნაცმოძრაობის“, რევანშისტური რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი - როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებააში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე მინდა მათ შევახსენო - ერთადერთი გზა ხელისუფელაბში მოსვლის, არის არჩევნები, მეგობრებო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ღარიბაშვილი საფრთხეა ქვეყნისთვის და მთავრობა მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს. მან „ჯანსაღ“ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვა, დღეს 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ და იდგენენ იქ მანამ, ვიდრე ხელისუფლება ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენ ყველანი დღეიდან უკვე პირადი დარტყმის ქვეშ ვართ. მისი განცხადების შემდეგ აღარაფერი აღარ დარჩა გარდა ტელევიზიების დარბევისა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, პრემიერმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ გუშინდელ აქციაზე კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომის მოთხოვნა გაისმა.

კიდევ ერთი წამქეზებლური, ძალიან საშიში განცხადება პრემიერის მხრიდან, თითქოს, გუშინ, აქ, რომელიღაც მედიის წარმომადგენელმა თქვა, რომ პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ. ეს არის ბინძური ტყუილი და ვემიჯნებით ყოველგვარ ასეთ განცხადებებს. ჩვენ მსგავსი რამ არ გვითქვამს და არც გვიფიქრია. ეს არის კიდევ ერთი წამქეზებლური და პროვოკაციული განცხადება, საკუთრივ პატრიარქის დამამცირებელი განცხადება, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ლაშქარავას აქციაზე დაშავების შემდეგ თვალის არეში ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, საღამოს, თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა მედიასაშუალებების ორგანიზებით. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ, რისთვისაც ღარიბაშვილს ვადა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. იმის გამო, რომ პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა, აქცია პარლამენტის წინ დღესაც, 18:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]