„ნამდვილად მიუღებელი იყო გუშინ იმ ფორმით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კადრების გასაჯაროება, რომელიც იყო არაფრის მთქმელი.
ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ლექსო განწირული იყო უკვე 5 ივლისს როგორც ხელისუფლების, ისე ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ამიტომ ეს კადრები და მინიშნებები ნამდვილად არ ცვლის იმ რეალობას, რომ ლექსოს და სხვა ჟურნალისტებს 20-მდე ადამიანი დაესხა თავს და ის სასიკვდილოდ გაიმეტეს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმის გამოძიებას თვალს მიადევნებს და უკვე ემზადება იმისთვის, რომ ექსპერტიზის შეფასებაშიც ჩართოს საკუთარი ექსპერტები და წარმომადგენლები.
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ლაშქარავას დაშავების შემდეგ თვალის არეში ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიანიშნა, რომ ოპერატორი შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.