weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

როდესაც 95% მარშის წინააღმდეგია, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ – ღარიბაშვილი

18:10 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული ვართ, ამას ანგარიში გავუწიოთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღირსების მარშთან დაკავშირებით, რომელიც თბილისი პრაიდმა 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტების ცემის, მუქარის და მათი ოფისის დარბევის შემდეგ გააუქმა.

„ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როგორც უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როდესაც მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის დიქტატურა გამოაცხადა და თქვა, რომ უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული.

პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის.

ასევე, გვითხრა, რომ არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან. დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება – უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს საჯაროდ მოუწოდა ძალადობისკენ: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვისს“.

ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე აფხაზავა, რომელსაც ფიზიკურად მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 30-მდე ადამიანი გაუსწორდა, 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ორგანიზებით, თბილისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]