საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 10 ოქტომბერს აჟარის გამგებელს ლაშა მარგიანს 1 ლარის საფასურად საკუთრებაში გადაეცა ქალაქ რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც 77,4 კვ.მ-ია. ბინის საბაზრო ღირებულება 17 000 ლარია.
იმავე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში მდებარე 60 კვ.მ ფართობის ბინა ასევე 1 ლარად გადაეცა ერედვის გამგებლის ოთარ ცოტნიაშვილის ოჯახს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსგან ბინის გადაცემამდე, ერედვის გამგებელს უკვე ჰქონდა საკუთარი ბინა. კერძოდ, 2015 წლის 3 დეკემბერს მან 50 000 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №6-ში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც 109 კვ.მ-ია.
ლაშა მარგიანი გამგებლის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს, ხოლო ოთარ ცოტნიაშვილი 2014 წლიდან. მათი ხელფასის ოდენობა თვეში 2 650 ლარია, პრემია-დანამატებთან ერთად კი წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე ანაზღაურებას იღებენ.
საჯარო სექტორშია დასაქმებული ოთარ ცოტნიაშვილის მეუღლე მარინა ქრისტესიაშვილიც, - იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად მუშაობს. მისი წლიური ხელფასი საშუალოდ 21 000 ლარია.