გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმის გამო, რომ საზოგადოების ნდობა არ აქვს, იძულებულია კანონი დაარღვიოს და საქმესთან დაკავშირებთ ინფორმაცია ნაწილ-ნაწილ, გამოძიების დასრულებამდე გაავრცელოს.
„მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოძიება დასრულდეს. თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი, ასე, დოზირებით უწყება გვაწვდის ინფორმაციას, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას – შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება და იზარებს, რომ ნდობა ინსტიტუტის სიტყვისადმი იმდენაც ნაკლებია, რომ ისინი იძულებულები არიან, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს ეს ყველაფერი, ასე ნაწილ-ნაწილ... უბრალოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას იმდენად უკვე აღარ აქვს ნდობა და ფასი, იძულებულები არიან, სხვათა შორის, დაარღვიონ კანონიო და ასე ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ... ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე, მიუთითებს იმაე, რომ ჩვენი ინსტიტუტები სამწუხაროდ, მათ ძირითად ფუნქციას ვერ ასრულებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა და ვერც სხვა მოქალაქეები.
„მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. აქ ვხედავ ძირითად მიზეზს: როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია.
სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც საუბრობენ ხოლმე ასეთი რაღაც გონორით – „ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ“, უნდა გაითვალისწინონ, რომ როგორც ისინი ამბობენ, თუ სახელმწიფომ ეს ყველაგფერი წინასწარ იცოდა, ეს მხოლოდ ამძიმებს მათ მდგიომარეობას“, – აღნიშნა გახარიამ.
36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. მანამდე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწობილმა ჯგუფმა მას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.