weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

რუსეთის პატრიარქის თხოვნის შემდეგ გახელაძე გობოზოვში გაცვალეს – „რეს“

19:11 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021 hits 3155

ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის, კირილის შუამდგომლობით შეიწყალა. მათივე ცნობით, გახელაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გობოზოვში გაცვალეს.

„გობოზოვი ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებული იქნა ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიიდან და პატიმრობაში იმყოფებოდა“, – წერს საინფორმაციო სააგენტო ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, „რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის სახელზე მიმართვა გაგზავნა, რომელიც შეიცავდა თხოვნას საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ“.

„ანატოლი ბიბილოვმა მიმართვის საპასუხოდ დაავალა შესაბამის ორგანოებს დაემუშავებინათ საქართველოს მოქალაქე ზ. გახელაძის სამხრეთ ოსეთის მოქალაქე ვ. გობოზოვში გაცვლის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ გობოზოვის ნათესავებმა არაერთხელ ითხოვეს დახმარება.

მსჯავრდებულმა ზ. გახელაძემ პირადად დაწერა შეწყალების თხოვნა სახელმწიფოს მეთაურის, ანატოლი ბიბილოვის სახელზე, რომელშიც მან ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებებისთვის და მადლობა გადაუხადა ოსეთის ხელისუფლებას ჰუმანური დამოკიდებულებისთვის“, – წერს „რეს“-ი.

როგორც ირკვევა, საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეჟიმს გობოზოვი გუშინ გადასცა და ის უკვე შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს, ხოლო ზაზა გახელაძის გადმოცემა სოფელ ერგნეთში ცოტა ხნის წინ მოხდა.

34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გახელაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს ერგნეთში გამართული შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა. 23 ივნისიდან გახელაძეები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც 22 ივნისს მათ საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ზაზას გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს მიმართა. გახელაძეებმა გადაწყვიტეს, რომ ილია მეორის წერილზე პასუხს დალოდებოდნენ.

ამ დრომდე ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაშია 53 წლის გენადი ბესტაევი, რომელსაც სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]