weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზა გახელაძემ ცხინვალის ციხე დატოვა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა

19:41 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ერთი წლის წინ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს და ის უკვე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახელაძე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სოფელ ერგნეთში გადასცეს. ზაზა გახელაძეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია დახვდნენ.

როგორც ზაზა გახელაძემ მედიასთან განაცხადა, გათავისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„კარგად ვარ. არ ველოდი, ყოველ შემთხვევაში დღეს, რომ ეს ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, კარგად დამთავრდა“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ და აღნიშნა, რომ მისი დაკავების დეტალების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.

კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმაც.

„მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს, ნამდვილ ვაჟკაცს. რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, მადლობა პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს, მის დედას, მამას, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, – თქვა ღარიბაშვილმა.

მეუფე ანდრიამ მადლობა გადაუხადა რუსეთს და „ოსრურ მხარესაც, რომელმაც შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა და დაუბრუნა თავის ოჯახს“.

საოკუპაციო რეჟიმმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის შუამდგომლობით ზაზა გახელაძე შეიწყალა. მათივე ინფორმაციით, გახელაძის სანაცვლოდ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ „სამხრეთ ოსეთს“ გუშინ მოქალაქე გობოზოვი გადასცა. ამ გაცვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა.

34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გახელაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს ერგნეთში გამართული შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა. 23 ივნისიდან გახელაძეები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც 22 ივნისს მათ საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ზაზას გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს მიმართა. გახელაძეებმა გადაწყვიტეს, რომ ილია მეორის წერილზე პასუხს დალოდებოდნენ.

ამ დრომდე ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაშია 53 წლის გენადი ბესტაევი, რომელსაც სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]