weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამ პარტიულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს, ეს გამოსაძიებელია – კობახიძე

10:24 ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021

ქართული ოცნების თავმჯდომარის და პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას სხვადასხვა წყაროდან აქვს ინფორმაცია, რომ სამ ტელევიზიაში მთავარში, ფორმულაში და პირველში შავი ფული ტრიალებს.

„ახლა არის ძირითადად სამი პარტიული ტელევიზია. 2012 წლიდან მოყოლებული ამ პარტიულ ტელევიზიებში, ანუ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებში, ჯამში, ასეულობით მილიონია ინვესტირებული და დახარჯული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედია მენეჯერებს. ეს არის შავი ფული.

მე მარტივად შემიძლია გითხრათ, რა არის ამ ტელევიზიების შემოსვალები და რა არის ხარჯები. მედიაში ჩახედულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის დაანგარიშება და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველწლიური დისბალანსი არის ათეულობით მილიონი, რომელსაც ფარავს სწორედ კონკრეტული პოლიტიკური ძალა. უკანონო არის ის, რომ ეს შავი ფულია“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სად არის ის უწყება, რომელმაც ეს უნდა გამოიძიოს, კობახიძემ თქვა:

„არ ვიცი, ვკითხოთ. მე გეთანხმებით, რომ გამოსაძიებელია.

ამ სამ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს. მაქვს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია, ეს ერთი და მეორე, ვიცი როგორია შემოსავლები დ რა არის ხარჯები. ეს ორი რამ ვიცი. შესაბასამისად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო საზოგადოების წინაშე, რომ ამ სამ პარტიულ ტელევიზიაზე შავი ფული, რამდენიმე ათეული მილიონი იხარჯება ყოველწლიურად.

ეს არის რეალობა. რაც შეეხება მედია მენეჯერების პრობლემას. ინფორმაცია გვაქვს, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში მკაცრად დააყენეს საკითხი, რომ თუ სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა ამ კონკრეტული ტელევიზიის რეიტინგი, ამ შემთხვევაში, გაყრიდნენ მთელ კოლექტივს ზედა დონეზე, მათ შორის, მთავარ წამყვანებსაც. იქ არის საუბარი 30 ათასლარიან ხელფასებზე წამყვანების შემთხვევაში, მედიამენეჯერებს კიდევ სხვა პრივილეგიები აქვთ. არ არის ეს კერძო ბიზნესი, ეს არის პარტიული ტელევიზია. შესაბამისად, მათ აქვთ პარტიული დაკვეთა და ეს არის არჩევნების მოგების ან გადატრიალების დაკვეთა. როდესაც ისინი 8 წლის განმავლობაში ამას ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობა ინვესტორის მიმართ იზრდება. სააკაშვილი, კეზერაშვილი გამწარებული არიან და გამწარებულები არიან ეს ე.წ. მედია მენეჯერები თავისი წამყვანი ე.წ. ჟურნალისტებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტეს.

„პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. მანამდე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწობილმა ჯგუფმა მას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ.

ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]