weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საჭიროა ხელისუფლების მკაფიო გზავნილი, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული – დეგნანი

17:59 პარასკევი, 16 ივლისი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს მკაფიო გზავნილს, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული.

„ძალადობა მიუღებელია. მომხდარი საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან ძლიერ და მკაფიო გზავნილს, რომ იქნება შედეგები იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალადობრივი ქმედებები წაახალისეს და ვინც ძალადობრივად თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას იყენებდნენ.

თუ არ იქნება მკაფიო შედეგები და გზავნილები, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს ერთგვარი წახალისება იქნება შემდგომი ძალადობისთვის. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მშვიდი და უსაფრთხო გარემო თავისი მოქალაქეებისთვის, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს საჯაროდ მოუწოდა ძალადობისკენ: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვისს“.

ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე აფხაზავა, რომელსაც ფიზიკურად მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 30-მდე ადამიანი გაუსწორდა, 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ. გამოძიებას არ ენდობა არც ტელეკომპანია „პირველი“. ამ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ამასთან, დღემდე უწყებას სულ 23 პირი ჰყავს დაკავებული, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი;
  • „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ მიუცია პასუხისმგებლობაში 5 ივლისს ძალადობის ორგანიზების მუხლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]