პრემიერმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მიუსამძიმრა და თქვა, რომ ლაშქარავას სიკვდილით მანიმულირება ხდება.
„მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს, რა თქმა უნდა, არ აისახება ჯანმრთელად და კარგად მედია გარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის და გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ მოწინავე ქვეყანაა.
„2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტეს. თბილისში საპროტესტო აქციის გამართვა დღეს, 18:00 საათზეც იგეგმება. როგორც ტელეკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პრემიერ-მინისტრი 5 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და ძალადობის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი არ დაისჯება.