მდინარაძის თქმით, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
„შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“, – წერს დეპუტატი.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ კრიტიკული ტელეკომპანიები - „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „პირველი“ არ მიიწვია მახათას მთაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრთან ერთად, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო. პრემიერმა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტვ“-ის შეკითხვებს უპასუხა.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „პირველმა“ „ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს, წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.
„ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებაში.
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი 36 წლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. გასულ კვირაში, ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“, პროტესტის ნიშნად, მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტეს. მათი ორგანიზებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია დღესაც იმართება.