weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტში გომელაურის მისვლასთან დაკავშირებით „უსაფრთხოების დამატებით ზომები“ მიიღეს

10:31 კვირა, 18 ივლისი 2021

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

პარლამენტის ცნობით, მედიის წარმომადგენლების დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 12:00 საათიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა დაიწყება. გომელაური პარლამენტში 5-6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს.

პარლამენტში შს მინისტრის მისვლის დროს, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, ვახო სანაიამ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიმართა, არ ჩაკეტოს კარი.

„ამ შენობაში მოდის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ.

მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი 36 წლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. გასულ კვირაში, ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“, პროტესტის ნიშნად, მაუწყებლობა 24 საათითაც შეწყვიტა.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

პროკურატურის ბოლო ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]