weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

14:38 კვირა, 18 ივლისი 2021

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს მხარი არ დაუჭირა. კალანდარიშვილს ხმა 82 დეპუტატმა მისცა (8 წინააღმდეგი იყო), ხოლო სანტურიანს - 2-მა დეპუტატმა (10 წინააღმდეგი იყო). საკითხის გადასაწყვეტად პარლამენტის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერა იყო საჭირო.

კენჭისყრის დაწყებამდე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განმარტა, რატომ არ დაუჭერდნენ მხარს „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატთან მიმართებაში ყოფილიყო როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი კონსენსუსი.

წარმოდგენილი კანდიდატები თვითონ ამ სისტემის მიერ არიან წარმოდგენილი, მე მათ არ ვიცნობ, არ შემაქვს ეჭვი არც მათ კომპეტენციაში, არც კეთილსინდისიერებაში, მაგრამ ის, რომ მათ გარშემო ვერ შედგა, პირველ რიგში, პოლიტიკური კონსენსუსი და მეორე რიგში, საზოგადოებისთვის არ არიან ეს ადამიანები ცნობილი, ჩვენი პარტია მათ მხარს არ დაუჭერს.

ეს განცხადება გავაკეთო იმის გამო, რომ გაუგებრობა არ ყოფილიყო ამ პროცესის ლეგიტიმაციასთან მიმართებაში. ეს პროცესი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას და მის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. პრეტენზია მაქვს იმის მიმართ, რომ თავმჯდომარესთან მიმართებაში ვერ შედგა კონსენსუსი და გვიწევს გამოვიყენოთ ის 6-თვიანი დათქმა, რომლის თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარე დროებით უნდა ავირჩიოთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტმა 2/3-ის მხარდაჭერით ვერ დაამტკიცა ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები – გია ცაცაშვილი (80 მომხრე), ლელა ტალიური (16 მომხრე), თამარ სართანია (16 მომხრე), მაია ზარიძე (81 მომხრე)

„ჩვენი კოლეგა საუბრობდა, საზოგადოების მხრიდან ნდობა არ აქვსო კანდიდატებს. ჩვენ ვისაც მხარი დავუჭირეთ, არიან საჯარო მოხელეები. ის, რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, არის საჯარო მოხელეების სტიგმატიზება, რომ რადგან ისინი არიან საჯარო სამსახურში, არ ვარგიან, ცუდები არიან და მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სამაგიეროდ, მათ მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც არჩევნების შემდეგ ერთი თვე ყალბი პარალელური დათვლები ჰქონდა გამოქვეყნებული, უმალავდა საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს და ამის გამო ეს საზოგადოება ზანზარებდა. გასაგებია, რა არის ჩვენი კოლეგების ნდობის სტანდარტი. ერთის იმედი მაქვს – თუ საზოგადოების ნდობა აინტერესებთ, დაელაპარაკებიან თავის მომხრეებს და იქნებ შემდეგ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირონ ამ კანდიდატებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დააზუსტა, რომ თამარ სართანია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს ჩატარდა პარალელური დათვლის შედეგების გადამოწმება.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3-ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს. თუ არჩევა მაინც ვერ მოხერხდა, საჭირო იქნება 3/5-ის მხარდაჭერა, ანუ 90 ხმა. თუ პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის 2/3-ის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]