პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ წევრებმა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებთან – „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ კომუნიკაცია მას შემდეგ გაწყვიტეს, რაც მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „პირველმა“ „ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს, წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.