weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება

23:22 სამშაბათი, 20 ივლისი 2021

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე დაასახელა. კალაძე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს წარადგინეს.

„რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის – არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაში შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არცერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება, რომელიც მთაწმინდაზე გაიმართა, კალაძემ ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მედიის წარმომადგენლების ნაწილი მთაწმინდაზე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ნაცემი და 11 ივლისს გარდაცვლილი ლექსო ლაშქრავას ფოტოებით მივიდა. ისინი მოძალადეების დასჯას და მთავრობის მიერ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდნენ.

კალაძე 5 ივლისის მოვლენებს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეეხო და მედიის წარმომადგენლებს მიმართა.  

„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო.

ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე თბილისის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. მანამდე, 2012-2017 წლებში, ის საქართველოს ენერგეტიკის მინისტი იყო. კალაძე ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფარგლებში მოქალაქეებმა თბილისის მერიც უნდა აირჩიონ, 2 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციურ პარტიებს თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) მიხედვით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]