weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იძულებული გავხდით ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის – გომელაური

09:20 პარასკევი, 23 ივლისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი უწყება იძულებული გახდა ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესაძლო გარემოებების ამსახველი კადრები გამოექვეყნებინა. გომელაურის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა და ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს.

„პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რაც ჩვენ ბრიფინგებზე მოგვიწია და მერწმუნეთ, ჩვენ იძულებულები გავხდით. არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე, არც ჩემს მოადგილეებსა და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, მის დედას, შვილს და ა.შ. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოგვიწია.

მოგვიწია იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებიდან წამოვიდა მოთხოვნა, რომ ინფორმაცია გააჟღეეთ, რა მოხდა, გვითხარით, რა ხდება. ძალიან აიწია ტემპერატურამ და იძულებულები გავხდით... იცით, რომ გარეთ, რუსთაველზე შეიკრიბა ხალხი და ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს, რა მოუვიდა ამ ადამიანს. რაც გვქონდა ჩვენ, სწრაფად რაც ვიმუშავეთ, მთელი გუნდი ჩართული იყო, ამ ინფორმაციას ვაწვდიდით. უკვე იძულებული გავხდით, ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გომელაურის თქმით, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა არ გაუკეთებია.

„ბევრმა ტელევიზიამ რატომღაც ასე გააჟღერა, რომ წინასწარ დააანონსეს მისი გარდაცვალების მიზეზი. ეს ასე არ ყოფილა. არ ყოფილა, რომ ჩვენ ვთქვით, რითი გარდაიცვალა. პირველ, მეორე, მესამე ბრიფინგებზე იყო ფაქტი ის, რომ როგორ მოძრაობდა, სად მოძრაობდა, ნარკოტიკების თემა. დაკითხვებით ხდებოდა ეს ყველაფერი და ბოლოს დაიდო ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური დასკვნა, რომელსაც სჭირდება ნაკლები დრო, ვიდრე 25 დღე და იქ დაფიქსირდა, რომ იქ იყო მაღალი დოზის ნარკოტიკის შემცველი ამოვიდა სისხლიდან და მისი ორგანიზმიდან. შეიძლება გამოიწვია ამან, შეიძლება – არა. საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ. სხვათა შორის, ჩვენ შევთავაზეთ და იქ ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტებიც“, – განაცხადა გომელაურმა.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი ერთ-ერთი დაშავებული, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა ლაშქარავას გადაადგილების კადრების და ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც მიუთითა იმაზე, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება. შსს აცხადებს, რომ ფონიჭალაში დააკავეს პირი, რომელმაც ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა. ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]