weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლელოსთან“ კონსულტაციები გრძელდება, ვაშაძესთან არ გამოვა – ბოკერია

13:10 შაბათი, 24 ივლისი 2021

პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო და შეჯერებული კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები ლელოსთან გრძელდება. ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციები წარმატებით დასრულდება და ოპოზიციის შეთანხმებას ეს პარტიაც შეუერთდება.

გუშინ „ევროპულმა საქართველომ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ თბილისი მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაუჭირეს მხარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას წარადგინეს.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ამ პარტიის ლიდერთან კონსულტაციები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.

„ბატონ ვაშაძესთან კონსულტაციები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის კანდიდატურას დავუჭერთ მხარს და ეგრე კონსულტაციები არ გამოვა.

ეგ სწორედ იმის დემონსტრირებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას აწყობს – „ამ ხალხმა როგორ უნდა მართოს ქვეყანა, ვერაფერზე თანხმდებიან“. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ბატონი გიორგი ვაშაძე, როცა თავად იყრიდა კენჭს, გაერთიანებული კანდიდატი რომ იყო, მაშინ სწორად აკრიტიკებდა იმათ, ვინც იყო შეთანხმების წინააღმდეგი და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ. არ შეიძლება ასე: კარგი იყოს, როცა შენ გეხება და ცუდი იყოს თუ სხვას ეხება. ეს არის სწორედ ის, რისი საპირისპიროს დემონსტრირება უნდა შევძლოთ ახლა ყველამ ჩვენი ამომრჩევლების თვალში და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც გამონაკლისების გარდა ეს მოხერხდება. ეს უკვე მორხერხდა თბილისის შემთხვევაში და შემდეგი კვირის განმავლობაში და უახლოეს პერიოდში მოხდება საზოგადოებისთვის იგივე ტიპის შეჯერებული, კოორდინირებული წინადადებების წარდგენა მაჟორიტარებზე თბილისში და რეგიონებშიც“, – განაცხადა გიგა ბოკერია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, მოქალქეებმა უნდა დაინახონ, რომ „დემოკრატიულ ოპოზიციას კარგად ესმის, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი და ამიტომ გონივრული კომპრომისებით, საღი აზრის ფარგლებში შეთანხმებების დემონსტრირებას ახდენენ“. ბოკერიას განცხადებით, ასეთი შეთანხმებები დემონსტირებაა იქნება იმის, თუ როგორი იქნება ქვეყნის მართვა მომავალში.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პოზიციას, მან წარმატება უსურვა ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას, თუმცა განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ განსხვავებული გზა აქვს.

„მართლა ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე მთავარია, რომ 43% არ ავაღებინოთ „ქართულ ოცნებას“ და თითოეული პოლიტიკური ძალის ვალდებულებაა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიტანოთ, რომ საერთო გამარჯვებაში, რეფერენდუმში გამარჯვებაში ჩავდოთ ეს მხარდაჭერა. მარტივად რომ ვთქვა,

თბილისსა და რეგიონებში ბევრი ოპოზიციონერი ამომრჩეველია, რომელიც არ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მრავალფეროვანი არჩევანის მიცემის შემთხვევაში, გაცილებით დიდი შანსი გვაქვს იმ 58%-იან საერთო ეროვნულ ნიშნულზე გავიდეთ, ვიდრე ყველა ერთად შევერთდეთ და რაღაც საერთო კამპანია ვაკეთოთ.

ჩემთვის ამოცანა თბილისის მერობის კამპანია კი არ არის, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მესამე ცენტრის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

ვაშაძე ამბობს, რომ თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიას თავის კანდიდატურას არ დაუყენებს, თუმცა შეიძლება მერობის სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]