weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დავუჯეროთ მეცნიერებას და არა Facebook-ით გავრცელებულ ტყუილებს – პრემიერი ვაქცინაციაზე

11:48 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ის მოსახლეობას სთხოვს, მეცნიერებას დაუჯეროს.

„ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთრი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა.

ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციის, ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში 2 მილიონი დოზა ვაქცინაა, დამატებით მილიონი დოზა კი მაქსიმუმ თვე-ნახევარში შემოვა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის. მილიონ-ნახევარი ვაქცინა უკვე ადგილზეა. ანუ ჯამში გვაქვს 2 მილიონი ვაქცინა – ეს არის მილიონ-ნახევარი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“. გარდა ამისა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვქნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 აპრილიდან 26  ივლისამდე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯამურად 404 339 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 139 756  ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 8.2%-ია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]