weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში, რომ გამოვიდეთ პარლამენტიდან – ვაშაძე

18:26 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

„საპასუხოდ ჩვენც კი არ უნდა დავტოვოთ შარლ მიშელის შეთანხმება, არამედ უნდა მოვითხოვოთ ამ დოკუმენტის შესრულება. ამიტომ კავშირი მაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვინც გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების. ვფიქრობ, დადგა დრო, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ჩაირთოს აღსრულების მექანიზმები, იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება“, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ მმართველ პარტიას შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა თავიდანვე არ სურდა და ეს ოპოზიციამ აიძულა. გიორგი ვაშაძის შეფასებით, ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას არ შეუერთდა, „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების ანულირების საბაბად გამოიყენა.

„მე არ მაინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისრების გადატანა. ეს არის ჩვეულებრივი მიზეზი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელზე დაიხვია. მას კვლავ უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირისპირ დარჩეს და თქვას, თითქოს, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცინალური მოძრაობა“ არსებობს ქართულ პოლიტიკაში. არა, არსებობს „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო“ და სხვა პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ხელმომწერი მხარე, სამუშაო პროცესი დავიწყეთ იმ ფორმატით, ვინც ხელი მოაწერა. ვითხოვ იმ შეთანხმების შესრულებას, რომლის ხელმომწერი ვართ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეკითხვას, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, უნდა განიხილონ თუ არა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის საკითხი, გიორგი ვაშაძემ უპასუხა:

„ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტოლებებს, მაგრამ წინასწარ ჩემი განწყობა მინდა გითხრათ:

სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში, რომ ბოიკოტი გამოვაცხადოთ ისევ, გამოვიდეთ პარლამენტიდან, დავუტოვოთ საპარლამენტო ინსტიტუცია.

მერე იტყვიან – „საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ უნდა მივიღოთ, თუ პარლამენტში არ არისნ?“, „შარლ მიშელის დოკუმენტიდან ისინიც გავიდნენ, იმიტომ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილებას“.

ამიტომ გავქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ცივი გონებით მივიღებთ გადაწყვეტილოებას და არა ემოციური ფონით. ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების არ მიღების შანსი არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეთ. ამაზე კენჭისყრები სექტემბერში უნდა ჩატარდეს.

მაგას ვამბობ, რომ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და არა ის, რომ ამოვვარდეთ, გავიქცეთ ისევ რუსთაველზე (ამ შუა ზაფხულს, აგვისტოს დაამთხვიეს) და თავი ვურტყათ კედელს. კედელს კი არ უნდა ვურტყათ თავი, სწორი, სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება ანულირებულია. როგორც მან განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]