weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ენმ-ის მხრიდან ერთადერთი ჭკვიანური სვლა მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა – სამადაშვილი

21:46 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მოუწოდებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა. სამადაშვილს მიაჩნია, რომ ხელის მოწერა ერთადერთი ჭკვიანური სვლა იქნება.

„ენმ-ს რაც შეეხება, ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა. მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი“, – დაწერა სამადაშვილმა სოციალურ ქსელში.

სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს მოაწერა ხელი და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ხელის მოწერაზე განსხვავებული პოზიცია გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი წასვლის მიზეზი. მოგვიანებით ენმ-ის წევრებიც შევიდნენ პარლამენტში, თუმცა მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება ანულირებულია. როგორც მან განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]