weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ენმ მზადაა პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის – დეკანოიძე

22:15 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და დემოკრატია საფრთხის ქვეშ დააყენა და ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს.

როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, შეთანხმების ანულიებით „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად აღიარა, რომ ვერც პარტია, ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იან ზღვარს ვერ მიუახლოვდებიან და განწირულები არიან დამარცხებისთვის.

„ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია უტიფრად საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ღიად და გულწრფელად, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზადაა მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ.

ამ მედიაციაში, „ქართული ოცნების“ მიერ დადებულ პირობაში საქართველოს მოსახლეობის, სტრატეგიული პარტნიორების, ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროკავშირი და ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა, რომელსაც სურს ჩვენს მოსახლეობასთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება ანულირებულია. როგორც მან განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]