weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი თავი მოჭრა – ელისაშვილი

13:41 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021

„ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხისმგებლოდ იქცეოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში და დოკუმენტს ხელს არ აწერდა. მათი მხრიდან ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა. გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი თავი მოჭრა“, – განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის სილის გაწნა ევროკავშირისთვის, შარლ მიშელისთვის, დასავლეთისთვის, რომელთაც უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს.

„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი განცხადებები ვნახეთ, თუმცა, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ შარლ მიშელსა და ევროკავშირს, გული მისკდება, რას იტყვიან.

ფერი ფერს და მადლი ღმერთსო - ასეა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე. ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იხედება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში, პარლამენტიდან გასვლა ოპოზიციონერი პარლამენტარების მხრიდან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება.

გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელი 19 აპრილს მოეწერა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კიბახიძის განცხადებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, „თუმცა, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ მოაწერეს ხელი. მედიაციის პროცესში ევროკავშირის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც იყო ჩართული. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]