weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მელია მანდატზე უარს ამბობს, მისი თანაგუნდელები კი პარლამენტში ფორმალურად დარჩებიან

15:32 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021

„ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საპასუხოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს.  

მელიას განცხადებით, არავინ უნდა დაძრას სიტყვა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე, რადგან სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანი.

„ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე, პირადად, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე გადავდივარ, ელენესთან, მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, თანაგუნდელებს სთოხვა, რომ ამ ეტაპზე, პარლამენტში „ტექნიკურად, ფორმალურად დარჩნენ, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები „ქართულ ოცნებას“ ბოლომდე მიაყვანინონ“.

„ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები, ამ ეტაპზე, რჩებიან პარლამენტში ზემოთ ხსენებული მიზეზის გათვალისწინებით. ორ თვეში, რეფერენდუმში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ეს რეჟიმი დათმობს მართვის სადავეებს“, – აღნიშნა მელიამ.

გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელი 19 აპრილს მოეწერა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კიბახიძის განცხადებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, „თუმცა, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ მოაწერეს ხელი. მედიაციის პროცესში, ევროკავშირის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც იყო ჩართული. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხება, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილბები, რომლის მიხედვითაც მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 2% იქნება. კანონპროექტით გათვალისიწნებულია მანდატების პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი სექტემბერში ეყრება, მათ მისაღებად კი 113 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]