„ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს. მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნატალია საბანაძემ აღნიშნა, გახარიას მრჩევლად მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს, რადგან მომავალ წელს მოწვეული პროფესორის სტატუსით აშშ-ში მიემგზავრება. ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით საბანაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი არასოდეს ყოფილა.
„მე ვიყავი ელჩი, რომელიც დაინიშნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მე წარმადგინა მაშინ მაია ფანჯიკიძემ და ძალიან კარგად მახსოვს მისი სიტყვები: „დღეს ჩვენ სხვა პოლიტიკას ვაწარმოებთ და თქვენ არ ხართ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თქვენ ემსახურებით საქართველოს“. ძალიან ბევრი მინისტრი გამოვიცვალე, ჩემი სურვილით წავედი, რადგან მქონდა გარკვეული შელაპარაკება, გარკვეულ უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი მისია იყო ამ მომენტისთვის ამოწურული. არავისკენ არ მინდა თითის გაშვერა“, – განაცხადა საბანაძემ.
ნატალია საბანაძემ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა. ის ვახტანგ მახარობლიშვილმა შეცვალა.