weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

10:34 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. დასახელებულ 10 კანდიდატს შორის არცერთი არ არის ქალი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძეა, რომელიც 2007 წლის შემდეგ, თბილისის ოთხი მოწვევის საკრებულოს წევრია. 2017 წლიდან დღემდე ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ აბაშიძეა წარდგენილი. აბაშიძე 2007-2008 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, 2010-2012 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2012 წელს ის „ქართული ოცნებიდან“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და 2016 წლამდე პარლამენტში მუშაობდა, 2017 წლიდან დრემდე კი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

სამგორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კვლავ რევაზ სოხაძე იქნება. კალაძის თქმით, სოხაძე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს საქმიანობაში და „მთლიანად გაამწვანა და გააფერადა მისი სამაჟორიტარო ოლქი“.

ისანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაიონის მოქმედი გამგებელი კახა ლაბუჩიძე იქნება. ლაბუჩიძე ისნის რაიონის გამგებლის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს, მანამდე, 2014-2017 წლებში, ის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპარატის უფროსის მოადგილე იყო, 2012-2013 წლებში კი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ცენტრალური ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2008-2009 კახა ლაბუჩიძე კონტროლის პალატის თავმჯდომარის მრჩევლის და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2008 წელს ლაბუჩიძე ჯერ ლაგოდეხის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

კრწანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კვლავ ლევან ჯაფარიძე იქნება. ის კრწანისის მაჟორიტარად 2020 წლის 31 ოქტომბერს, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე აირჩიეს. 2017-2020 წლებში ლევან ჯაფარიძე კრწანისის რაიონის გამგებელი იყო.

ნაძალადევიში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე იქნება, რომელიც ამ რაიონის მოქმედი გამგებელია.

„ქართულმა ოცნებამ“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კონსტანტინე ზარნაძე წარადგინა. ფეხბურთელი ზარნაძე გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს. „კოტემ, სულ მცირე დროში, გლდანის გამგელის მოადგილედ მუშაობის პერიოდში დაამტკიცა, რომ ნამდვილად შეუძლია ჩემი გლდანელების ღირსეული წარმომადგენელი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დიდუბეში „ქართული ოცნების“ კანდიდატი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გივი ჩხარტიშვილი იქნება. როგორც კალაძემ თქვა, ჩხარტიშვილმა „გუნდში საქმიანობით უკვე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები, საქმის კეთების უნარი, საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის სიყვარული“.

საბურთალოზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კვლავ ავთანდილ ცინცაძეა წარდგენილია. ცინცაძე ამ რაიონის მაჟორიტარად 2017 წელს აირჩიეს და თბილისის საკრებულო მოქმედი წევრია. ის სამბოში მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.

ჩუღურეთში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჩიკვილაძე დაასახელა. ჩიკვილაძე 2014 წლიდან ჩუღურეთის რაიონის გამგებელია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]