weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს სიტყვას პატივს – ზურაბიშვილი

23:19 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დადგეს.

„პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება!

ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს.

„როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით.

დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტი. შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროკავშირის ჩართულობით თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის ანულირება იმის ახსნა, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც მისი მთავარი მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება არ შესრულდა. ამასთან, კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, თუმცა, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამორიცხავს 19 აპრილის შეთანხმებასთან დაბრუნებას. როგორც ის ამბობს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 3%-იც რომ მიიღოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

 

ამ თემაზე:

პრეზიდენტი არ ეთანხმება შეფასებას, რითაც „ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ახსნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]