weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პუტინმა მხარი დაუჭირა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას

10:36 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ შეთანხმების პროექტს. პუტინმა დოკუმენტის ხელმოწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა.

შეთანხმების მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეები არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეძლებენ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს. გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებმაც სამხედრო სამსახური გაიარეს შეთანხმების ერთ-ერთ მხარეში, თავისუფლდებიან კიდევ ერთი გაწვევისგან მეორეში.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს შეთანხმება ცხოვრებას გაუადვილებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს. ეს არის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვების პრობლემის სერიოზული გადაწყვეტა, რაც ამავე დროს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სოციალურ დაცვის უზრუნველყოფასთან და რუსული პენსიების მიღებასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ 2008 წლიდან მიდიოდა, ანუ იმ დროიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთმა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]