მისი თქმით, ჩაკეტვით ვირუსი ვერ დამარცხდება და კორონავირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა.
„ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, შეიძლება დროებით მოხდეს შეყოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.
ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, სოციალური მედიით, ტელევიზიით. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა. მთლიანობაში, ქვეყანაში ძალიან პოზიტიური დინამიკაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 41 885 ტესტის შედეგად, დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 ადამიანი.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 37 108 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6219 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 28 446 სახლში, 2443 კი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.
რაც შეეხება, ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ჯამურად 564 691 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.