weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთში საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობენ

23:21 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, თბილისთან ორმხრვი ურთიერთობები აღადგინოს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც მზად არის ქართული მხარე.

ბიკანტოვმა ეს განცხადება დღეს, 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„რუსეთში არასოდეს დაუსვამთ ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და საქართველოს ხალხს შორის. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ქართული მხარეა ამისთვის მზად. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და თბილისი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დალაგებას მეზობლებთან ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“, – განაცხადა ბიკანტოვმა.

„ეს სრულად ეხებათ თბილისის გარე კურატორებსაც“, – ხაზი გაუსვა მან, რითიც გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მათ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

ალექსანდრ ბიკანტოვის თქმით, ერთობლივი განცხადების ავტორებს მართებთ წაახალისონ თბილისი, რომ „აღადგინოს და შეინარჩუნოს თანაბარი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან“.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 13 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]