weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არავის მივცემთ შესაძლებლობას, გადავსებულ ურნებთან სელფები გადაიღოს – კალაძე

10:56 შაბათი, 07 აგვისტო 2021

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვას გამოეხმაურა. კალაძის ვიდეომიმართვა, რომელიც ღამით, ნაგვის ურნების დაცლის ფონზეა ჩაწერილი, მისსავე Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ვიდეომიმართვაში კალაძე ჯერ ამბობს, რომ „უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო“, შემდეგ კი გუშინ განვითარებულ მოვლენებს „დაგეგმილ პროვოკაციას“ უწოდებს.

„თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გაფიცვა გადაწყვიტეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო.

ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს.

ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, არასდროს უთქვამს, რომ უკმაყოფილოა „თბილსერვისის“ თანამშრომლებით და მათი გაკეთებული საქმე არ მომწონს: „ეს არის დიდი ტყუილი, მიზანმიმართული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მიერ გავრცელებული, ვინც აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“.

რაც შეეხება გაფიცულთა მოთხოვნებს, კახა კალაძის თქმით, 2020 წელს მათი ხელფასები 20%-ით გაიზარდა, სპეცტექნიკა და სამუშაო უნიფორმები კი განახლდება.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე. ხელფასებს რაც შეეხება, გასულ წელს 20%-იანი მატება იყო. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ ეს საკმარისია და იმდენია, რაც ადამიანს შეიძლება აკმაყოფილებდეს, მაგრამ 20%-იანი მატება მოვახდინეთ, მიუხედავად რთული ვითარებისა, პანდემიისა და მიეცათ დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში დავუბრუნდებოდით ამ საკითხს.

რაც შეეხება ტექნიკას, მოვისმინეთ ძალიან დიდი ტყუილი, თითქოს 9 წლის განმავლობაში არ მომხდარა ტექნიკის შეძენა. ეს არის არასწორი ინფორმაცია, 2 წლის წინ ახალი ტრანსპორტი შემოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი და უფრო მეტია საჭირო, შესყიდვა უკვე განხორციელებული გვაქვს და უახლოეს მომავლაში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს, რომ დასუფთავების სამუშაოები ნორმალურად წარიმართოს.

ფორმებთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი ტყუილები მოვისმინეთ, რომ თითქოს 8 წლის განმავლობაში სამუშაო ფორმა არ მიუღიათ ამ ადამიანებს. ყოველწლიურად ხდება ფორმების შეკრევა. რაც შეეხება ბოლო შესყიდვას, იყო გარკვეული პრობლემები გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. მოხდა რებრებდინგი, ახალი ფორმები იქნება, ახალი ვიზუალით. რამდენჯერმე მოგვიწია ტენდერის ჩატარება, უკვე გვყავს გამარკჯვებული კომპანია და აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ექნებათ ახალი ფორმები როგორც საზაფხულო, ასევე საზამთრო და არა თითო-თითო, არამედ 2-2 და 3-3 ექნებათ იმისთვის, რომ შეძლონ გამოცვლა და ნორმალურად სარგებლობა“, – ამბობს კალაძე.

„არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება. მინდა იცოდეს ყველამ“, – აცხადებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

6 აგვისტოს, დილით, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და კომპანიის ოფისთან აქციას გამართა. აქციის მონაწილეებმა ხელფასის 50%-ით მომატება, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, ტრანსპორტის (ნაგავმზიდი ავტომანქანები) განახლება და სეზონის შესაბამისი სამუშაო უნიფორმა მოითხოვეს. ამჟამად დასაქმებულთა უმეტესი ნაწილის ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება.

„დაგვაფასონ და ციყვებს ნუ გვეძახიან. საბუთებში, ჩვენზე, ვინც უკან მანქანაზე ვართ ჩამოკიდებული, წერია „ციყვი“. ტექნიკის შეცვლას ვითხოვთ იმიტომ, რომ 9-სიჩქარიანი მანქანით დავდივართ და ორი სიჩქარე აქვს – პირველი და „ზადნი“. ხან პროპერელი ძვრება, ხან საბურავი ქუჩაში მიმავალზე, ხან სიჩქარე, ხან „მატორი“ ჩერდება, ხან „ტროსები“ უწყდება, მთელ ქალაქში ნაგავი გასდის წურწურით“, – განაცხადა გუშინდელ აქციაზე ერთ-ერთმა გაფიცულმა, ირაკლი ბაღდავაძემ.

 

ამ თემაზე:

შრომის ინსპექციას „თბილსერვისში“ დასაქმებულთა სამუშაო პირობების შემოწმებისკენ მოუწოდებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]