ჯაფარიძის თქმით, ქვეყნისთვის კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.
„13 წელი სრულდება რუსეთის სამხედრო ძალების აქტიური ინტერვენციის დაწყებიდან, რომელსაც შეეწირნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქართველი სამხედროები, რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია, რაც ყოველდღიურად იწვევს ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ფეხვეშ გათელვას საოკუპაციო ზოლს მიღმა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.
ოკუპაციას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, შეურიგებლობა იმ უსამართლობისადმი, რომელიც ახლა ოკუპირებულ რეგიონებში ხორციელდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან დღეს, 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდო. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.
2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო და დადგინა, რომ 2008 წლის ომის პერიოდში რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველო გამოძვებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და მათ დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.